პარიზში, ევროპარლამენტარი ულტრამემარცხენე პარტია „დაუპყრობელი საფრანგეთის" წევრი, რიმა ჰასანი პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ POLITICO მის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

Le Parisien-ის ცნობით, ჰასანი დაკითხეს და დროებით დააკავეს სოციალურ ქსელში იაპონელი ტერორისტის, კოზო ოკამოტოს მიმართ სოლიდარობის პოსტის გამოქვეყნების გამო.

POLITICO-ს ცნობით, ჰასანის გუნდისგან ტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ დროებითი დაკავება ევროპარლამენტარის იმუნიტეტის დარღვევაა.

მედიის ცნობით, ევროპარლამენტის წარმომადგენელმა "მიმდინარე პროცესებთან" დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა დაადასტურა, რომ "პარლამენტი კონტაქტზეა ეროვნულ ხელისუფლებასთან, პარლამენტის წევრთან და მის პოლიტიკურ ჯგუფთან".