ჰოლივუდის კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტის — Warner Bros. Discovery-ის შთანთქმის გარიგება დაასრულა. ახალ კომპანიას Skydance დაერქმევა — განაცხადა Paramount-მა. გარიგება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აშშ-ის ისტორიაში მედიაინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს შერწყმად მიიჩნევა.

შერწყმის დასრულების ბოლო დამაბრკოლებელი ფაქტორი რამდენიმე დღის წინ მოიხსნა, როდესაც კალიფორნიის მოსამართლემ კომპანიასა და 12 შტატს შორის მორიგების შეთანხმება დაამტკიცა. მანამდე ეს შტატები ორი კინოსტუდიის შერწყმას აპროტესტებდნენ, რადგან კონკურენციის პრინციპის შესაძლო შეზღუდვის ეშინოდათ. საბოლოოდ, Paramount-მა, რომელსაც 2025 წლიდან ტექნოლოგიური მილიარდერის, ლარი ელისონის ოჯახი აკონტროლებს, აშშ-ის ტერიტორიაზე კინოწარმოებაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღო.

ახლა ახალ კომპანიას ინტეგრაციის რთული პროცესის გავლა, ასევე ათეულობით მილიარდი დოლარის ვალის გასტუმრების პრობლემის გადაჭრა მოუწევს. ჰოლივუდში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირების ეშინიათ, ხოლო აშშ-ის ლიბერალურ წრეებში — შერწყმის პოლიტიკური შედეგების.

ლარი ელისონის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაახლოებულად მიიჩნევენ. თავად ელისონი ტექნოლოგიური კორპორაცია Oracle-ის დამფუძნებელია — მონაცემთა ბაზებისა და ქლაუდ ტექნოლოგიების ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის და აშშ-ის მთავრობის მსხვილი კონტრაქტორის. კერძოდ, Oracle პენტაგონს კრიტიკულ IT-ინფრასტრუქტურას აწვდის. ამასთან, ლარი ელისონი არაერთხელ გამოსულა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხარდასაჭერად საჯაროდ და მის წინასაარჩევნო კამპანიაში თანხაც შეუტანია.

ამრიგად, კორპორაცია Paramount-ი, რომელიც უკვე ფლობს ტელეარხ CBS-ს, კონტროლს იღებს საინფორმაციო ტელეარხ CNN-ზეც, რომელსაც ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა მის და მისი ადმინისტრაციის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში. ამ შიშების გამო, გარიგების დასრულების პროცესი 2025 წლის ივლისში ერთი წლით გაიყინა 12 შტატის, მათ შორის, კალიფორნიისა და ნიუ-იორკის პროტესტის გამო.