მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან პარაგვაის ნაკრების მარცხის (1:0) შემდეგ, საერთაშორისო სკანდალი აგორდა. პარაგვაელმა სენატორმა, სელესტე ამარიამ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით უკიდურესად სოციალურ ქსელში უხეში, რასისტული განცხადებები გამოაქვეყნა.

„ამ ველურმა წერაც კი არ იცის. დედის რძის ნაცვლად ქოქოსს წოვდა, ხოლო ყველაზე განათლებული არსებები, ვინც კი ოდესმე გაუგია, შიმპანზეები იყვნენ. ის არის კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც თავს ფრანგად ასაღებს, ბოღმიანი, ახალგამომცხვარი მდიდარი, ამპარტავანი და უშნოა. ერთადერთი, რასაც ჩვენს ნაკრებს ვსაყვედურობ, არის ის, რომ მატჩის ბოლოს მისთვის სახეში ერთი კარგი სილა არ გააწნეს“, - დაწერა X-ში სენატორმა.

ცნობისათვის, სენატორის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მბაპემ პარაგვაელთა მეკარეს ყურადღება არ მიაქცია.

სკანდალს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა საფრანგეთის სპორტის მინისტრი მარინა ფერარი. მან პოლიტიკოსის განცხადებებს „ამაზრზენი“ და „უღირსი“ უწოდა და ნაკრების კაპიტანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

„აბსოლუტურად აღშფოთებული ვარ პარაგვაელი სენატორის სიტყვებით. საფრანგეთი მკაცრად გმობს რასისტულ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეც კილიან მბაპე გახდა. 

რასიზმის წინაშე ჩვენ არ გავჩუმდებით. ჩვენს კაპიტანზე თავდასხმით სენატორი თავს დაესხა ყველაფერს, რასაც ჩვენი ქვეყანა იცავს: თავისუფლებას, თანასწორობასა და ძმობას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პარაგვაისთან გამართული მატჩი სამხრეთამერიკელთა მხრიდან განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა. შეხვედრის ბედი სწორედ კილიან მბაპეს მიერ გატანილმა პენალტმა გადაწყვიტა, რის შედეგადაც საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მაროკო იქნება.