პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით სამხედრო ავტოკოლონას დაეჯახა, რასაც ორი ჯარისკაცი, მათ შორის, ერთი ვიცე-პოლკოვნიკი ემსხვერპლა.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების მიხედვით, თავდასხმა ხაიბერ-პახტუნვას პროვინციაში, ბანუს ოლქში მოხდა.

თავდასხმაზე არცერთ ჯგუფს პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა, როგორც Washington Post აღნიშნავს, ხელისუფლება ეჭვს სავარაუდოდ პაკისტანის თალიბანზე მიიტანს, რომელსაც წარსულში ავღანეთში ტერაქტები მოუწყვია.

პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ ქვეყანა "არანაირ თავშეკავებას არ გამოავლენს" და ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ ოპერაციები "მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად" გაგრძელდება.

ტერაქტამდე ორი დღით ადრე პაკისტანმა ქვეყანაში ავღანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დაიბარა და საყვედური გამოთქვა, მას შემდეგ, რაც ავღანეთის საზღვართან, ბაჯაურის ოლქში მომხდარ ტერაქტს 11 პაკისტანელი ჯარისკაცი და ერთი გოგო ემსხვერპლა. 

ადგილობრივი პოლიციის თანახმად, მამაკაცი, რომელმაც ბაჯაურში ტერაქტი მოაწყო, ავღანეთის მოქალაქეა.