პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანსა და მის მეუღლეს ბუშრა ხანს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს ბოლო ექვს თვეში უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა იმრან ხანს პატიმრობა მიუსაჯეს.

ამჯერად საქმე ეხება უკანონო ქორწინების ბრალდებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმრან ხანი და მისი მეუღლე ბუშრა ყურანის წესების დარღვევით დაქორწინდნენ. ისლამური ადათის თანახმად, ქალს ხელახალი ქორწინების უფლება, განქორწინებიდან სულ  მცირე სამი თვის გასვლის შემდეგ ეძლევა.

როგორც იუწყებიან, იმრან ხანმა მოლას სთხოვა ქორწინების თარიღი გაეყალბებინა, რათა ჩანაწერები ყურანის წესის თანახმად გაფორმებულიყო.

სასამართლოს სარჩელით ბუშრა ხანის ყოფილმა ქმარმა მიმართა.

ამჟამად, იმრან ხანი დაკავებულია და რავალპინდის ციხეშია მოთავსებული.

იმრანი ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იყო 2018 წლიდან 2022 წლამდე, ვიდრე მას უნდობლობის გამოცხადებით თანამდებობიდან გადააყენებდნენ. გადაყენების შემდეგ, იმრან ხანის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მანამდე, იმრან ხანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების ბრალდებით, ასევე 10 წელი - სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის და 14 წელი - მეუღლესთან ერთად, კორუფციის ბრალდებით.

ხანების წყვილი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

იმრან ხანის პარტია ბრალდებებს სასაცილოს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს კავშირი აქვს 8 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან. აღსანიშნავია, რომ ხანს აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება 10 წლის ვადით.

8 თებერვალს პაკისტანში საყოველთაო არჩევნებია დაგეგმილი. ამომრჩევლები ფედერალური პარლამენტისა და 4 ძირითადი პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს წევრებს აირჩევენ.

იანვარში ხანის პარტიას აეკრძალა თავისი ლოგოს გამოყენება საარჩევნო ბიულეტენებზე, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, რადგან პაკისტანის ამომრჩეველთა 40%-მდე არ იცის წერა-კითხვა და პარტიებს მათი ლოგოებით ცნობს.

მიუხედავად ამისა, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ხანის პარტიამ შესაძლოა ფედერალურ პარლამენტში მანდების ნახევარზე მეტი მოიპოვოს.