უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა GB News-თან ინტერვიუში განმარტა მიზეზები, რის გამოც უნგრეთი ევროკავშირს არ დატოვებს. ორბანის მიხედვით, მიზეზები როგორც ცივილიზაციური, ისე პრაგმატულია. 

"კულტურულად, ფილოსოფიურად და ისტორიულად ჩვენ ყოველთვის დასავლეთს ვეკუთვნოდით. ჩვენ ვეკუთვნით ევროპის რომაულ ქრისტიანული ტრადიციას და არა - მართლმადიდებლურს და არც მუსლიმურს, რომელიც ქვემოთ, სამხრეთშია. მაშასადამე, ევროკავშირის წევრობა უნგრული გონებისთვის, სულ მცირე, ნაწილობრივ, საკითხია იმ ცივილიზაციის, რომელსაც მიეკუთვნები". - პასუხობს ორბანი კითხვაზე, თუ რატომ არ ტოვებს უნგრეთი ევროკავშირს მაშინ, როცა მისი მთავრობა ბლოკის წესებს არ იცავს.

ევროკავშირში დარჩენის მეორე მიზეზად უნგრეთის პრემიერი "პრაგმატულ მიდგომას" ასახელებს და "ქვეყნის გადასარჩენად" ევროპულ ბაზარზე წვდომის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.

"როგორც იცით, ჩვენ 10-მილიონიანი ქვეყანა ვართ, პირველი მსოფლიო ომის შედეგად ტერიტორიები დავკარგეთ, არ გვაქვს ენერგეტიკის წყაროები, ნედლეული, ამიტომ, სიკვდილით დასჯა მოგვესაჯა, მაგრამ ჩვენ გადავრჩით, ასე რომ, ჩვენ გვჭირდება შრომა და შრომით შექმნილი პროდუქტები. ჩვენ გვესაჭიროება ბაზარი და ევროკავშირი ნიშნავს ბაზარს.

ჩვენთვის ევროკავშირი ღირებულებებს არ წარმოადგენს, ეს უბრალოდ ბაზარს ნიშნავს. ღირებულებები სხვა საკითხია. სამწუხაროდ, მიმართულებას, საითკენაც ევროკავშირი ღირებულებების მხრივ მიემართება, არაფერი აქვს საერთო იმ ღირებულებებთან, რომლისაც ჩვენ გვჯერა და ვაღიარებთ",  - ამბობს ორბანი ინტერვიუში.