გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ სამომავლო კონტრშეტევის გეგმები გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია 26 ნოემბერს სამხედრო ანალიტიკოსმა და ბლოგერმა კირილო საზონოვმა გაავრცელა.
საზონოვის თქმით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 000 დღის გასვლის შემდეგ, სირსკი იმ პირებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე ომისა და ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ წერენ. მისი თქმით, შეხვედრაზე სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ომში გამარჯვების მისაღწევად საიერიშო მოქმედებებია საჭირო.
სირსკის თქმით, "მტრის შეკავება არსებითი მნიშვნელობისაა, მაგრამ გამარჯვება შეუძლებელია, თუკი უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ თავდაცვას შეეცდებიან. ჩვენ გვჭირდება, ინიციატივა ავიღოთ და კონტრიერიში მივიტანოთ".
ამასთანავე, სირსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პოკროვსკის ფრონტზე, რუსეთის ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის სხვაობა 5:1-ზეა.
"პოკროვსკის მიმართულება რთულია, მაგრამ ვითარება იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იყო, როდესაც სიტუაცია მართლაც კრიტიკული იყო". - თქვა სირსკიმ. მისი თქმით, "ზოგიერთი დანაყოფი უკან იხევდა, პოზიციებს ტოვებდა ჩანაცვლების გარეშე. ნამდვილი კრიზისი იყო, თუმცა, პრობლემა აღმოიფხვრა, რეზერვები გადაიგზავნა და მტრის გეგმები ჩაიშალა".