უკრაინული არმია კურსკის ოლქში 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიდეო ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი უკრაინელი პრეზიდენტის ტელეგრამის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.
ამგვარად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პირველად დაადასტურა ოფიციალურ დონეზე, რომ ЗСУ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას ატარებს.
ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კურსკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრი, ქალაქი სუჯაზე უკრაინულმა დანაყოფებმა სრული კონტროლი დააწესეს.
ქალაქის დაკავებას ადასტურებენ Z-ბლოგერებიც - "ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ადრე, თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, ეს ბრძოლა წაგებულია, მაგრამ არ არის წაგებული ოპერაცია"- წერს იური პოდოლიაკა, რომელსაც 3 მილიონი გამომწერი ჰყავს.
კიდევ ერთი Z-ბლოგერის, ცნობით, ЗСУ-ს ქალაქში უკვე შეჰყავს მძიმე ტექნიკა. გარდა ამისა, რუსი ბლოგერები სუჯას ჩრდილოეთით ЗСУ-ს მიერ რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყებიან, რაც მათი ცნობით, ქალაქის სრულ ოპერატიულ ალყაში ჩავარდნას და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძზე უკრაინელთა კონტროლის დამყარებას ნიშნავს.
კურსკში საომარი მოქმედებების გაფართოების პარალელურად ევაკუაცია გამოცხადდა ბელოვსკის რაიონში, სადაც გასულ დღეებში Z-ბლოგერების ცნობით, უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული რაზმები შეიჭრნენ.
ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო თათბირზე ვლადიმირ პუტინს მოახსენეს, რომ უკრაინული არმია კურსკის ოლქში ამ დროისთვის 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, ფრონტის შეჭრის სიღრმე კურსკის გუბერნატორის ცნობით 12, ხოლო სიგანე 40 კილომეტრია.
დასავლელი სამხედრო ექსპერტების, OSINT ანალიტიკოსებისა და ღია წყაროების ცნობით, უკრაინული არმიის შეჭრის სიღრმე 40 კილომეტრს შეადგენს. უკრაინული OSINT პროექტის, DeepState-ის ცნობით, ამ დროისთვის უკრაინის არმია დაახლოებით 44 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.