გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ არ უჭერს მხარს, უკრაინამ გერმანული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს.
ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ნიუ-იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ განაცხადა.
შოლცის თქმით, გერმანიის მთავრობამ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მისთვის სავსებით გასაგებია, მათ შორის არის ის, რომ გერმანია არ გააუქმებს შეზღუდვებს იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ.
„ეს არ შეესაბამება ჩემს პირად პოზიციას. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ამისთვის ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მიზეზები“, – თქვა კანცლერმა.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, გერმანია უკრაინას შორი მანძილის მაღალი სიზუსტის იარაღს არ მიაწვდის.