NYT: ყნოსვისა და გემოს დაკარგვა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ახალი კორონავირუსი გაქვთ
1584947730
როგორც The New York Times-ი წერს, ექიმები მათ, ვინც ყნოსვის, ან გემოს შეგრძნება დაკარგა, ურჩევს, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
როგორც NYT წერს, მშობელს, რომელიც ვეღარ გრძნობდა თავისი შვილის პამპერსის სუნს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ასევე არის შემთხვევები, რომ მზარეულები, რომლებსაც აგრეთვე ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ, ვეღარ გრძნობენ საწებლისა და ნივრის სუნს.
ამგვარად ანოსმია - ყნოსვის დაკარგვა და მასთან ერთად აგეუსია - გემოს დაკარგვა, შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ახალი კორონავირუსით ხართ ინფიცირებული.
ბრიტანელი ექიმები მათ, ვისაც ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაკარგული აქვთ, მოუწოდებენ, რომ შვიდი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ, მიუხედავად იმისა, უვლინდებათ თუ არა სხვა რაიმე სიმპტომი.
ბრიტანელი ექიმების თქმით, სამხრეთ კორეაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 2 000 პაციენტის 30%-ს ანოსმია დაუდგინდა.
ოტოლარინგოლოგიის ამერიკულმა აკადემიამ კი გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ვებ-გვერდზე, რომელშიც ნათქვამია, რომ სუნისა და გემოს დაკარგვა განიხილება, როგორც ახალი კორონავირუსის სიმპტომები, ვინაიდან აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებოდათ იმ პაციენტებს, რომლებსაც მოგვიანებით დაუდგინდათ კიდეც ვირუსი.
აგრეთვე იტალიის ყველაზე დაზარალებული რეგიონების ექიმებიც აღნიშნავენ, რომ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა აღენიშნება, შესაძლოა ახალი კორონავირუსის მატარებელი იყოს და ისე ავრცელებდეს ამ დაავადებას, რომ თვითონაც არ იცოდეს ამის შესახებ.




