Nvidia-ს დამფუძნებელი და მრავალწლიანი ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი, მისი პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ კომპანიამ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს განაცხადა. კომპანიის – ხელოვნური ინტელექტის ჩიპების უმსხვილესი ამერიკელი შემქმნელის – ხელმძღვანელის მოვალეობებს დროებით ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი შეასრულებს.
როგორც Nvidia-ში განაცხადეს, ჰუანგმა კომპანიაში დაკავებული ყველა პოსტი დატოვა – პრეზიდენტის, გენერალური დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს წევრის. ახალი ხელმძღვანელის ძიება მიმდინარეობს როგორც კორპორაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჰუანგი Nvidia-ს 1993 წელს, მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა და სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად აქცია.
სკანდალი ჰუანგის ქორწინების გარეშე ურთიერთობების შესახებ ამერიკული მედიის პუბლიკაციების შემდეგ ატყდა. გასულ შაბათ-კვირას მან აღიარა, რომ ღალატობდა მეუღლეს, რომელთანაც 40 წელზე მეტია ქორწინებაში იმყოფება, და ოჯახსა და კოლეგებს ბოდიში მოუხადა.
თავდაპირველად პრესის ყურადღება ჰუანგისა და სინგაპურული კომპანიის, Megaspeed-ის მენეჯერის ახლო ურთიერთობების შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა მიიქცია. რიგი მედიასაშუალებების ცნობით, საუბარია ჩინეთის მოქალაქეზე, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები ჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ.
სიტუაცია მას შემდეგ განვითარდა, რაც The New York Times-მა ჰუანგის სავარაუდო სხვა რომანტიკული ურთიერთობების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია - Nvidia-ს ერთ-ერთ ტოპ-მენეჯერთან. გამოცემამ განაცხადა, რომ არსებობს ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც კომპანიის ხელმძღვანელი სამედიცინო ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად იმყოფება.
63 წლის ჰუანგი მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება. სწორედ Nvidia გახდა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე სისტემების სწავლებისა და მუშაობისთვის საჭირო მიკროსქემების მთავარი მიმწოდებელი. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტის ფართო დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჯარო მხარდამჭერი იყო და რეგულარულად გამოდიოდა უმსხვილეს დარგობრივ ღონისძიებებზე.
Nvidia-ს გავლენა ნახევარგამტარების ბაზრის ფარგლებს სცდება. კომპანია მოგების ნაწილის ინვესტირებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპებში ახდენს, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის ტექნოლოგიური სტრატეგიის ფორმირებაში. ბოლო წლებში ჰუანგი მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ახლახან Nvidia-მ გერმანიის მთავრობასთან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა.
Bloomberg-ის შეფასებით, ჰუანგის ქონება დაახლოებით 145 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს. სკანდალის ფონზე კომპანია Nvidia-ს აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა.




