შესაძლოა, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის საერთო საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გასულ საუკუნეში მსგავსი ისტორიული გამოცდილება აქვთ.
"შესაძლოა, უკვე დავიწყეთ იმის გააზრება, რომ საერთო ინტერესებისთვის, კერძოდ, ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, შესაძლოა, არსებობდეს საერთო მნიშვნელი, იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიამ აჩვენა, რომ ამ გზით ჩვენ სარგებელს მივიღებთ. სხვათა შორის, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენ ერთად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, სამ დღეში. 1918 წელს ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ერთდროულად დავკარგეთ – აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ. 1991 წელს ჩვენ ერთდროულად, ერთად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და, შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას, შესაძლოა, საერთო საფრთხე ემუქრებოდეს. და ჩვენ გადავწყვიტეთ, ყურადღება ჩვენი სახელმწიფოების განვითარების, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის დღის წესრიგზე გაგვემახვილებინა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ აზერბაიჯანის შემთხვევაში აზერბაიჯანული მხრიდან შეფასება იგივე იქნება", – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.








