აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვთ ეროვნულ დონეზე საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე რვა კვირით ადრე. ამის შესახებ The New York Times-ისა და Siena College-ის კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, ჰარისის მხარდაჭერა 47%-ია, ტრამპის - 48%. ივლისის ბოლოს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვისგან განსხვავებით რეიტინგები დიდად არ შეცვლილა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა.
რაც შეეხება ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებს, რომლებშიც შედეგებიც განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს, იქ ორივე კანდიდატს შორის სხვაობა სტატისტიკური შეცდომის ფარგლებშია.
დემოკრატების კანდიდატი ლიდერობს ვისკონსინიში (50% - ჰარისი, 47% - ტრამპი), მიჩიგანში (49% - ჰარისი, 47% - ტრამპი) და პენსილვანიაში (49% - ჰარისი, 48% - ტრამპი), მაგრამ ორივე კანდიდატს გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს ნევადაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და არიზონაში.
როგორც NYT აღნიშნავს, ჰარისის კანდიდატად დასახელებისა და მისი რეიტინგის მკვეთრი ზრდის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტს ამომრჩეველთა მხარდაჭერის შენარჩუნების ამოცანა აქვს.
ელექტორატის ძირითად კატეგორიებს შორის, როგორიცაა ქალები, ახალგაზრდები და ლათინოსები, მან შეძლო ნაწილობრივ გაეუმჯობესებინა თავისი პოზიცია. მაგრამ მან ჯერ ვერ შეძლო ამ უკანასკნელ ჯგუფში საკმარისი მხარდაჭერის მიღება.
გარდა ამისა, გამოკითხულ ამერიკელ ამომრჩეველთა 28%-ს მიაჩნია, რომ მათ მეტი უნდა იცოდნენ კამალა ჰარისის შესახებ - მხოლოდ 9%-მა თქვა იგივე ტრამპზე.
კამალა ჰარისმა კამპანია ივლისის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა გადაწყვეტილება მეორე ვადით კენჭი არ იყაროს და მას შემდეგ მისი რეიტინგი გამოკითხვებში სტაბილურად იზრდებოდა.