ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო აზერბაიჯანში 7-11 მაისს დაგეგმილი ვიზიტის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, - იტყობინება პრემიერ-მინისტრის კანცელარია.
ვიზიტი გადაიდო „ღაზასა და სირიაში განვითარებული მოვლენების, ასევე დატვირთული პოლიტიკური და უსაფრთხოების გრაფიკის გათვალისწინებით“. ბენიამინ ნეთანიაჰუ „მადლობას უხდის პრეზიდენტ <ილჰამ> ალიევს მოწვევისთვის და აფასებს ორ ქვეყანას შორის თბილ ურთიერთობებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ბენიამინ ნეთანიაჰუს თვითმფრინავისთვის თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის უფლების ნებართვის მიცემის შესახებ.
თურქეთმა ისრაელისთვის საჰაერო სივრცე ღაზის სექტორის წინააღმდეგ ისრაელის გენოციდური პოლიტიკის გამო დახურა. „ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მიეცა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არანაირი მოთხოვნა არ შემოსულა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ კეჩელიმ.