ისრაელის და აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 8 მაისს ბაქოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვევა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბაქოში 8 მაისს ჩავა, - იტყობინება აზერბაიჯან-ისრაელის ალიანსი AIAglobal. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, აზერბაიჯანის რამდენიმე მინისტრს, ასევე ებრაული თემის ლიდერებს.

8 მაისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - 1992 წლის ამ დღეს, აზერბაიჯანის ეროვნული გმირი, ებრაული წარმოშობის ალბერტ აგარუნოვი, შუშას დასაცავად ბრძოლაში დაიღუპა. ნეთანიაჰუ ბაქოში, მოწამეთა ხეივანში, მის საფლავს მოინახულებს.

პრემიერ-მინისტრი შაბათ-კვირას ბაქოში გაატარებს და აზერბაიჯანს 11 მაისს დატოვებს.

დღეს, 28 აპრილს კი ბაქოში ჩავიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა მასუდ პეზეშკიანთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ სახელმწიფო მეთაურთა შორისაა მოხსენებული, რომლებიც მოსკოვში 9 მაისს სამხედრო აღლუმს დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ქვეყნის ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ განაცხადეს. პეკინიდან დაბრუნების შემდეგ კი ილჰამ ალიევს შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან კაია კალასთან, რომლის თქმითაც, ევროკავშირი დიდად აფასებს აზერბაიჯანთან ურთიერთობებს და დაინტერესებულია ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებით.