გუშინ, იერუსალიმის ნევე იაკოვის რაიონში მდებარე სინაგოგაზე ტერორისტის თავდასხმის შედეგად 7 კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

 


 

იერუსალიმის პოლიციის ცნობით, ტერორისტი მანქანით მივიდა სინაგოგასთან და ცეცხლი გაუხსნა პარასკევის ლოცვის შემდეგ სინაგოგიდან გამოსულ ხალხს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა პალესტინის უბან ბეიტ ჰანინასკენ, რა დროსაც ტერაქტის გამო ნევე იაკოვის რაიონში გამოძახებულ პოლიციელებს შეეფეთა. 

პოლიციის თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრი ტერორისტი მოკლეს მას შემდეგ, რაც მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციას და ფეხით შეეცადა გაქცევას.

ტრაგედიიდან მალევე გავრცელებულ ინფორმაციით წერდნენ, რომ ტერორისტი „ჰამასის" წევრი იყო, დღეს კი, როგორც „იერუსალიმ პოსტი" წერს, ტერორისტს, ჰეირი ალკამს, თავდასხმამდე ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია. 

გუშინ ,სინაგოგის ერთ-ერთი მსახური პრესასთან საუბარში აცხადებდა, რომ პოლიცია ადგილზე ოცი წუთის განმავლობაში არ მივიდა, რადგან არ დაუჯერეს მას, ვინც დარეკა და ჩათვალეს, რომ ხმაური აღმოსავლეთ იერუსალიმის სინაგოგის მიმდებარე რაიონებიდან ისმოდა, თუმცა პოლიციის სპიკერის თქმით, ტერორისტი პირველი ზარის მიღებიდან ხუთ წუთში მოკლა, თავდასხმიდან რამდენიმე საათში კი უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს მისი მშობლები და ალყა შემოარტყეს აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე მის სახლს. 

„ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა",  განაცხადა თავდასხმიდან რამდენიმე საათის და მას შემდეგ, რაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, პოლიციის შტაბში მყოფმა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ. 

 ჩვენ შევაფასეთ სიტუაცია და დავგეგმეთ გარკვეული ქმედებები, ჩვენ ვიმოქმედებთ შეუპოვრად და მშვიდად. „პოლიტიკური უსაფრთხოების კაბინეტი ხვალ, შაბათის ბოლოს შეიკრიბება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ აიღონ კანონი საკუთარ ხელში, ამისათვის ჩვენ გვყავს არმია და პოლიცია, რომლებიც იღებენ მითითებებს მინისტრთა კაბინეტისგან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

თავდასხმას გამოეხმაურა „ჰამასის" სპიკერი ჰაზემ ქასემიც, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს ოპერაცია არის პასუხი ჯენინში ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ბუნებრივი პასუხი ოკუპანტების დანაშაულებრივ ქმედებებზე“. მან მოიწონა ავდასხმა, თუმცა პასუხისმგებლობა არ აუღია. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმის ადგილზე მისულ ეროვნული უშიშროების მინისტრს იქ შეკრებილმა ხალხმა მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა. “ჩვენ გვიყვარდი შენ, იტამარ. ჩვენ გენდობოდით. ეს შენი თვალყურის დევნების სფეროდანაა", - უყვიროდა მას ხალხი.

ეროვნული უშიშროების მინისტრ იტამარ ბენ-გვირის თქმით, უფრო მეტ მოქალაქეს უნდა შეეძლოს იარაღის ტარება ტერორისტული თავდასხმებისგან თავის დასაცავად და აღნიშნა, რომ მოითხოვს იარაღის შესახებ კანონების რეფორმირებას.  

იტამარ ბენ-გვირის ლაპარაკის დროს ხშირად გაისმოდა შეძახილები: „სიკვდილი ტერორისტებს", ერთ მომენტში კი „სიკვდილი მემარცხენეების" სკანდირება დაიწყეს. უშიშროების მინისტრმა შეძლო მათი გაჩუმება და უთხრა მათ, რომ შეიძლება ისურვონ ტერორისტების სიკვდილი და სკანდირებდნენ ამის შესახებ, მაგრამ მემარცხენეების სიკვდილის სურვილი არის მიუღებელი.