აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, სამი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პოლიციამ მოკლა, როდესაც ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრები იყო.

მომხდარი თავდასხმა დაგმო აშშ-მა.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ აშკარა ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი ურყევი რჩება”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.