ნავთობის ფასების ვარდნა ამ კვირაშიც გრძელდება.
გასულ კვირაში Brent-ის ფასი დაახლოებით 16-17%-ით დაეცა, რაც ყველაზე მკვეთრი კვირეული ვარდნაა კოვიდპანდემიის შემდეგ.
დღეს ვარდნა გაგრძელდა და თბილისის დროით 23:55 საათისთვის 1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 91.136 დოლარი ღირდა. 
ნავთობის ფასების ვარდნის მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქების მოლოდინია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ირანზე ახალი დარტყმების განახლება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", თუ მოლაპარაკებები პროგრესი იქნება. ბაზარი ამას დიპლომატიური გამოსავლის შანსად აფასებს.
მეორე ფაქტორი მიწოდების სიჭარბეა. JP Morgan-ის შეფასებით, ოქტომბერში გლობალური ჭარბი მიწოდება დღეში დაახლოებით 1,4 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამას ემატება ოპეკის მოპოვების ზრდა — „როიტერის“ თანახმად, კვლევით, ოქტომბერში ოპეკის 11 წევრის მიერ მოპოვებული ნავთობის ოდენობა წინა თვესთან შედარებით დღეში 1,38 მილიონი ბარელით გაიზარდა და 22,87 მილიონ ბარელს მიაღწია, ძირითადად, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და ერაყის ხარჯზე.
ფასების ვარდნის მიუხედავად, რისკები სრულად არ გამქრალა. ჰორმუზის სრუტის მახლობლად გემებზე თავდასხმები გრძელდება და ტანკერების მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. სწორედ ამიტომ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარი ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინის იმედით ვაჭრობს და არა უკვე მიღწეულ შეთანხმებიდან გამომდინარე. მაგალითად, Goldman Sachs-მა პირიქით, დეკემბრის პროგნოზი გაზარდა — ბრენტის მარკის ნავთობისთვის 90-დან 105 დოლარამდე, WTI-სთვის კი 81-დან 94 დოლარამდე.
რა იქნება შემდეგ?
ახლა ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუ დიპლომატიური პროგრესი გაგრძელდება და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები ნორმალურად აღდგება, ვარდნა შეიძლება გაგრძელდეს. თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ფასი ისევ სწრაფად დაბრუნდება 100 დოლარს ზემოთ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




