რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედა ამბობს, რომ შვილის ცხედარი აჩვენეს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.მისივე თქმით, გამოძიება პოლიტიკოსის ფარულად დაკრძალვას ითხოვს და იმუქრებიან, რომ უარის შემთხვევაში, ცხედარს "რაღაცას გაუკეთებენ".

„გუშინ საღამოს მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ სიკვდილის მიზეზი იციან. ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რაც ვნახე, მზად აქვთ და გარდაცვალების სამედიცინო მოწმობას მოვაწერე ხელი. კანონის მიხედვით, მაშინვე უნდა გადმოეცათ ალექსეის ცხედარი, მაგრამ აქამდე ეს არ გაუკეთებიათ. ამის ნაცვლად მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ - სად და როდის უნდა დაიკრძალოს ალექსეი. ეს უკანონოა.

ჩემი თანდასწრებით ისინი იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს ფარულად გაკეთდეს, დამშვიდობების გარეშე. სასაფლაოზე ჩემი მიყვანა უნდათ და თქმა: "აქ ასვენია თქვენი შვილი". ამაზე თანახმა არ ვარ. მსურს, რომ თქვენ, ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირად ტრაგედიად იქცა, მასთან გამომშვიდობების საშუალება გქონდეთ.

ამ ვიდეორგოლს ვწერ, რადგან ჩემს მიმართ მუქარა დაიწყეს: თვალებში მიყურებდნენ, ამბობდნენ, რომ თუ ფარულ დაკრძალვას არ დავთანხმდებოდი, ჩემი შვილის ცხედარს რაღაცას გაუკეთებენ. გამომძიებელმა ვირიპაევმა ღიად მითხრა: "დრო თქვენზე არ მუშაობს. ცხედარი იხრწნება". განსაკუთრებული პირობები არ მინდა, უბრალოდ მსურს, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდეს. მოვითხოვ, ჩემი შვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადმომცენ", - ამბობს ნავალნის დედა.