ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ანკარის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში დაადასტურეს ალიანსის ერთგულება კოლექტიური თავდაცვის პრინციპისადმი და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვითი ინდუსტრიის განვითარებას.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ერთიანი მე-5 მუხლის შესრულების საკითხში.
„ერთზე თავდასხმა ყველასზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური ძალა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძველია ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ლიდერები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის რუსეთიდან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საპასუხოდ მოკავშირეები ზრდიან თავდაცვით ხარჯებს. მათი ინფორმაციით, 2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ძირითად თავდაცვით საჭიროებებში ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს.
ამასთან, ანკარის სამიტზე ნატო-ს წევრებმა 50-მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი თავდაცვითი შესყიდვები დააანონსეს და თავდაცვითი წარმოების შესაძლებლობების გაფართოების ვალდებულება აიღეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვითი ვაჭრობის ბარიერების აღმოსაფხვრელად და ინდუსტრიასთან თანამშრომლობით ინოვაციების დასაჩქარებლად“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
სამიტის მონაწილეების შეფასებით, ალიანსი თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, უპილოტო სისტემების, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, კოსმოსური და კიბერშესაძლებლობების მიმართულებით.
დეკლარაციაში ასევე საუბარია უკრაინაზე.
„უკრაინას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერაში. ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების უდიდეს ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი მექანიზმებით აფინანსებენ. მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების გამოყოფის ვალდებულებას იღებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებას, 2027 წელსაც, სულ მცირე, იმავე მოცულობის მხარდაჭერა შეინარჩუნონ. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, Ukraine Support Loan-ის მეშვეობით უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსება უზრუნველყოს“, – ნათქვამია ნატო-ს დეკლარაციაში.
ნატო-ს ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ ალიანსი განაგრძობს ადაპტირებას სტრატეგიული კონკურენციის, ჰიბრიდული საფრთხეებისა და უსაფრთხოების გარემოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“ და თეირანს მოუწოდებენ, სრულად დაიცვას ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში.










