ნატო პოლონეთში AWACS-ის ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემით აღჭურვილ თვითმფრინავს გაგზავნის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„პოლონეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება AWACS-ის ტიპის ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავი. ეს ძალიან კარგი სისტემაა, რომელიც გვაძლევს ოპერატიული ვითარების უფრო სრულ სურათს და საშუალებას გვაძლევს, მსგავს საფრთხეებს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ, ბრიუსელში, ნატო-ს შეხვედრის შემდეგ.

„როიტერის“ ცნობით, გადაწყვეტილება პოლონეთის ტერიტორიაზე სამი რაკეტის ჩამოვარდნის საპასუხო ზომების ნაწილია.

პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, 20 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის წარმოების სამი ფრთოსანი რაკეტა Х-101 ჩამოვარდა.