ასეთი განცხადება მოჯტაბა ხამენეიმ ერისადმი სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა.
ირანის ახალი უზენაესი ლიდერის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ, რაც მისი მამა, აიათოლა ალი ხამენეი, და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი დაიღუპნენ აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შედეგად ომის დასაწყისში, რომელმაც ახლა ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი მოიცვა.
ხუთშაბათს, სატელევიზიო მიმართვაში, ხამენეიმ მოუწოდა ეროვნულ ერთიანობისკენ და განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გლობალური არტერია, დაკეტილი დარჩება ირანის მტრებზე ზეწოლის მიზნით.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირანი არ დანებდება „გარე აგრესიას“. მოჯტაბა ხამენეიმ მოუწოდა შეიარაღებულ ძალებს, გააგრძელონ თავდასხმები რეგიონში ამერიკულ ბაზებზე და შეინარჩუნონ კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე.
ხამენეის თქმით, რეგიონში არსებული ყველა აშშ-ის ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავს დაესხმებიან.
„მე ვურჩევ მათ (მეზობელ ქვეყნებს), რაც შეიძლება მალე დახურონ თავიანთი (ამერიკული) ბაზები, რადგან მათ, ალბათ, უკვე გააცნობიერეს, რომ აშშ-ის მტკიცება უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი“ - განაცხადა ხამენეიმ.
მისი თქმით, ირანი არ იტყვის უარს „მოწამეთა სისხლისთვის შურისძიებაზე. შურისძიება, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, იქნება არა მხოლოდ რევოლუციის დიდი ლიდერის მოწამებრივი სიკვდილისთვის; მტრის მიერ მოკლული ერის თითოეული წევრი შურისძიების ცალკე მიზეზია“. ხამენეიმ აღნიშნა, რომ ის გულისხმობდა მინაბის გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმას, რომლის დროსაც 170-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი დაიღუპა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მტრისგან კომპენსაციას მოვითხოვთ და თუ ისინი უარს იტყვიან, მათ ქონებას იმდენს წავართმევთ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით და თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, ქონებას იმავე მასშტაბით გავანადგურებთ“, - დასძინა ხამენეიმ.
უზენაესი ლიდერის განცხადებაში დადასტურებულია მისი მეუღლისა და დის დაღუპვა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს.
„მამაჩემის გარდა, რომლის დაკარგვაც საჯაროდ გახდა ცნობილი, მე მოწამეთა რიგებს მივაბარე ჩემი ძვირფასი და ერთგული ცოლი, რომელზედაც იმედებს ვამყარებდი, ჩემი თავდადებული და, რომელმაც მშობლების მსახურებას მიუძღვნა თავი და მიიღო დამსახურებული ჯილდო, აგრეთვე მისი მცირეწლოვანი შვილი“, - განაცხადა ხამენეიმ და დასძინა:
„გამიმართლა, რომ მამაჩემის ცხედარი მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ ვნახე. რაც მე ვნახე, სიმტკიცის მთა იყო და ვნახე, რომ მას მუშტი შეკრულ ჰქონდა“.
ხამენეიმ მადლობა გადაუხადა „ჰეზბოლას“ და „ერაყის ისლამურ წინააღმდეგობას“ თეირანის მხარდაჭერისთვის აშშ-სთან და ისრაელთან კონფლიქტში.
განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა წაიკითხა, ასევე ნათქვამია, რომ „ჰორმუზის სრუტის დაკეტვის დოკუმენტი უნდა შენარჩუნდეს“ და არის გაფრთხილება იმის შესახებაც, რომ ირანს შეუძლია „საჭიროების შემთხვევაში სხვა ფრონტებიც“ გახსნას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი მეგობრულ ურთიერთობებს ცდილობს მეზობლებთან და მხოლოდ იმ ბაზებს დაარტყამს, საიდანაც მასზე თავდასხმა განხორციელდება.




