რუსეთის დედაქალაქი დრონების მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსული მედიისა და ოფიციალური წყაროების ცნობით, ღამის განმავლობაში მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გაშვებული.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ ქალაქის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონი ჩამოაგდეს. მიუხედავად ოფიციალური ცნობებისა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს ძლიერი აფეთქებების ხმა და კვამლი ქალაქის სხვადასხვა უბანში.

დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის მთავარ აეროპორტებში – დომოდედოვოსა და ვნუკოვოში – ფრენები შეზღუდული იყო, რამდენიმე რეისი კი გაუქმდა ან გადამისამართდა.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გადაიღონ საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის კადრები.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანების შესახებ, თუმცა ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.