რუსეთის დედაქალაქი და მოსკოვის ოლქი გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. რუსული წყაროების ცნობით, ეს არის ომის დაწყების დღიდან მოსკოვის რეგიონზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასირებული საჰაერო თავდასხმა.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვისა და მიმდებარე ოლქების თავზე 400-ზე მეტი დრონი აღმოაჩინა და გაანეიტრალა.
ინციდენტის შედეგად, მოსკოვის მთავარ აეროპორტებში – შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში – საჰაერო მიმოსვლა დროებით შეზღუდული იყო. ათობით რეისი გადაიდო ან სხვა აეროდრომებზე გადამისამართდა. დედაქალაქის ქუჩებში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, ვინაიდან ჩამოვარდნილი ნამსხვრევების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტი.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით ზუსტდება, თუმცა ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები.
უკრაინული მხარე, ტრადიციულად, კონკრეტულ ოპერაციებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა კიევში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვის საპასუხოდ, სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე გარდაუვალია.
საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დრონების ასეთი რაოდენობით შეტევა მიუთითებს უკრაინის მიერ გამოყენებული უპილოტო სისტემების ტაქტიკურ განვითარებასა და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადატვირთვაზე.




