კავკასიაში სტაბილურობა და კეთილდღეობა ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებშია, – ეს განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე გააკეთა.
„ჩვენ შოკირებულები ვართ აზერბაიჯანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გამოეყენებინა სამხედრო ძალა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, რომელშიც მკაფიოდ ვთქვი, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთთან. ეს უნდა ითქვას ძალიან ხმამაღლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.
მესამე საკითხია, რომ ევროკავშირი დაეხმარება სომხეთს, გაუმკლავდეს აზერბაიჯანის მიერ წამოწყებულ ამ სამხედრო ოპერაციის შედეგებს. ძალიან ბევრი ლტოლვილია სომხეთში და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ სომხეთის სურვილი, განამტკიცოს ურთიერთობები ევროკავშირთან და მე ამის მომხრე ვარ. ჩვენ რამდენიმე წლის წინ, საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, სომხეთს დავპირდით ორ მილიარდ ევროს და ეს დაპირება უნდა შევასრულოთ. სომხეთს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა მიშელმა.