მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების გამოყვანის ახლებური მეთოდი გამოცადეს, რომელიც აქამდე არსებული გზებთან შედარებით გაცილებით სწრაფი და ეფექტიანია. მკვლევრებმა ამისთვის თაგვების კანის უჯრედები გამოიყენეს. ექსპერიმენტი Science Advances-ში გამოქვეყნდა.
თუ მეცნიერები ამ პროცედურას დახვეწენ და ის კლინიკურად განხორციელებადი იქნება, უნაყოფო პაციენტებს ინ ვიტრო ფერტილიზაციის (IVF) გზით შეეძლებათ, ჰყავდეთ ბავშვები, რომლებიც მათ გენეტიკურად ენათესავებიან.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, შუხრატ მიტალიპოვმა თქვა, რომ უკვე 20 წელია, რაც მისი ლაბორატორია უნაყოფო პაციენტების დასახმარებელ გზებზე მუშაობს. მისივე თქმით, არსებული ვარიანტები ადამიანებს დონაციის გზით მხოლოდ გენეტიკურად არამონათესავე შვილების ყოლის საშუალებას აძლევს.
"ჩვენი ტექნოლოგია უნაყოფო პაციენტებს საშუალებას მისცემდა, გენეტიკურად მონათესავე შვილები ჰყავდეთ და გაუხსნიდა მშობლობის გზას, რომელიც ამჟამად IVF-ს საშუალებითაც კი მიუღწეველია". - თქვა მიტალიპოვმა.
სასქესო უჯრედების ლაბორატორიული გზით შექმნას ინ ვიტრო გამეტოგენეზი ეწოდება, რომლის დროსაც მეცნიერები დონორულ კვერცხუჯრედს ბირთვისგან ცლიან, შემდეგ კი მასში არასასქესო, სომატური უჯრედის ბირთვი შეჰყავთ, რომელსაც ქრომოსომების წყვილის ნახევარს აკარგვინებენ, რათა მისი ფერტილიზაცია იყოს შესაძლებელი.
პირველი კლონირებული ცხვარი დოლი 1996 წელს მსგავსი მეთოდით შეიქმნა, რომელსაც სომატური უჯრედის ბირთვის გადატანა (SCNT) ეწოდება. SCNT-ის დროს უბირთვო კვერცხუჯრედში არასასქესო უჯრედის ბირთვი შეჰყავთ.
მკვლევრებმა კვერცხუჯრედების შესაქმნელად აქამდე გამოყენებულ გზებისგან განსხვავებული და მნიშვნელოვნად უფრო სწრაფი მეთოდი გამოიყენეს. დონორ კვერცხუჯრედში კანის უჯრედის შეყვანის შემდეგ, მას იმგვარად ამუშავებენ, რომ ქრომოსომების წყვილის ნახევარი შედარებით ადრე, ბუნებრივი გზით, დაკარგოს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ალექსეი მიხალჩენკოს თქმით, მათი მეთოდით კვერცხუჯრედები 2-3 საათში მზადდება. შედარებისთვის, აქამდე არსებული მეთოდებით ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს.
"თუ ეს ტექნოლოგია მომავალში კლინიკურად პრაქტიკული იქნება, პოტენციალი აქვს, რომ IVF-ს რევოლუციონიზირება მოახდინოს და იმედი მისცეს მრავალ უნაყოფო პაციენტს, რომლებმაც თავიანთი გამეტები (რედ. - კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) დაავადების, ასაკისა თუ კიბოს მკურნალობის გამო დაკარგეს". - თქვა მიხალჩენკომ.
ობსეტრიკისა და გინეკოლოგიის პროფესორისა და კვლევის თანაავტორის, პაულა ამატოს თქმით, ჯგუფის ტექნიკის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კვერცხუჯრედის კულტურიზაციის ხანგრძლივ დროს თავს არიდებს.
"თვეების განმავლობაში მრავალი მავნებელი გენეტიკური და ეპიგენეტიკური ცვლილება შეიძლება მოხდეს". - თქვა ამატომ.
მეცნიერები კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების ლაბორატორიაში შექმნაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ.
აქამდე, იაპონელმა მკვლევრებმა მამრი თაგვების კანის უჯრედებისგან კვერცხუჯრედები შექმნეს. შედეგად, დაიბადნენ წრუწუნები, რომლებსაც ორი მამა ჰყავდათ.