გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბუნდესტაგში სიტყვით გამოვიდა და 2027 წლის ბიუჯეტი დაიცვა, რომელიც რეკორდულ სესხებსა და თავდაცვაზე მაღალ ხარჯებს ითვალისწინებს. ამავდროულად, მან გააფრთხილა, რომ ყველაფრისთვის ფული უკვე აღარ არის საკმარისი.
"ჩვენ ვეღარ შევძლებთ, საგადასახადო შემოსავლების ხარჯზე საკუთარ თავს მივცეთ ყველაფრის უფლება, რასაც ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით მიჩვეული", — განაცხადა მან 2027 წლის ბიუჯეტის შესახებ გენერალური დებატების მსვლელობისას.
პარალელურად, მთავრობის მეთაურმა რუსეთის მხრიდან თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება. მოსკოვს სურს "უფრო მეტი, ვიდრე უკრაინა. და ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის ეს სამყარო ან სრულიად სხვა მიზნები აქვს", — განაცხადა კანცლერმა.
"გერმანია რთულ მდგომარეობაშია გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და დემოგრაფიული თვალსაზრისით", — აღნიშნა მერცმა. მისი თქმით, ბიუჯეტი ამ სიტუაციის ზუსტი ანარეკლია. კანცლერმა აღიარა, რომ ბიუჯეტის მომზადების პროცესი იდეალურისგან შორს იყო.
წარსულში გერმანია ძალიან მცირე ინვესტიციებს დებდა საგარეო უსაფრთხოებასა და ინფრასტრუქტურაში, ხოლო სოციალური სისტემის რეფორმები გადაიდო; ახლა კი ამ ხარვეზების ანაზღაურებაა საჭირო, — თქვა მერცმა.
თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად საჭირო სპეციალური სესხები "უახლოეს წლებში ჩვენს შესაძლებლობებს ისეთი ხარისხით ზღუდავს, რასაც ბევრი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ყველაფრისთვის ფული აღარ გვაქვს", - აღიარა კანცლერმა.




