აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მისი მონაწილეობით მიღწეული ექვსდღიანი ზავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში, უფრო მყარ მშვიდობას მოიტანს. ამის შესახებ მან 5 ნოემბერს, თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ვიმედოვნებ, რომ ოლეშკის გამოცდილება უფრო მყარი მშვიდობის მიღწევისთვის იმპულსი გახდება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება პატარა ნაპერწკლით იწყება", — ციტირებს ტრამპის სიტყვებს სააგენტო AFP. მისი აზრით, აშშ-ის მონაწილეობით, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შექმნან რაღაც უფრო გრძელვადიანი, ვიდრე უბრალოდ ცეცხლის დროებითი შეწყვეტაა.
ტრამპმა ცალკე გაუსვა ხაზი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის როლს, რომელთა გარეშეც ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. "მათი თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის", — განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ. მან დასძინა, რომ ორივე ლიდერს პირადი წერილები მისწერა, რომლებსაც ორი ქვეყნის წარმომადგენლების მეშვეობით გადასცემს.
თეთრ სახლში აშშ-ის პირველ ლედის რუსეთისა და უკრაინის ორ-ორი წარმომადგენელი შეხვდა. მოსკოვიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის ადამიანის უფლებათა რწმუნებული იანა ლანტრატოვა და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კიევიდან — უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი და საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია.
ლუბინეცმა აშშ-ის პირველ ლედის I ხარისხის ოლღას ორდენი გადასცა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი წინა დღით დააჯილდოვა, ხოლო დმიტრიევმა მას ოლეშკიში მცხოვრები გოგონას ნახატი მიართვა, რომელიც ჩარჩოში იყო ჩასმული.
ზავი ოლეშკისა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში 27 ოქტომბრის გამთენიისას დაიწყო და 1 ნოემბერს, გვიან საღამოს დასრულდა. ის მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების შედეგი იყო, რომელშიც მონაწილეობდა მელანია ტრამპიც — მოსკოვი და კიევი მას ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზებაში საკვანძო შუამავლად მოიხსენიებენ.
აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ქალაქიდან 800-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომლებსაც ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქიდან რუსეთსა და უკრაინაში გამგზავრება სურდათ. მათთვის, ვისაც ოლეშკიში დარჩენა სურდა, ჰუმანიტარული დახმარება შეიტანეს.




