ბელარუსული მედიის ცნობით, ბელარუსის დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტების განთავსების ნებართვა გასცა.
ეს ნაბიჯი გაგრძელებაა სამოკავშირეო შეთანხმებისა, რომელსაც რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა მინსკში 2024 წლის ბოლოს მოაწერეს ხელი. 2025 წლის 5 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმაში შეიტანა კანონპროექტი ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ.
შეთანხმება ბელარუსს ე.წ "ბირთვულ ქოლგას" სთავაზობს და იქ "კონსტიტუციური წესრიგის" დაცვას ითვალისწინებს. შეთანხმების მე-5 მუხლში მითითებულია, რომ ბელარუსი ნებას რთავს რუსეთს, განთავსდეს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შენაერთები და სამხედრო ობიექტები.
შეთანხმებას ხელი 10 წლის ვადით მოეწერა და მისი გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ "ერთ-ერთი მხარე მეორე მხარეს 6 თვით ადრე გააფრთხილებს ამის შესახებ წერილობითი ფორმით".