ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის 15-პუნქტიანი შეთავაზება მიიღო. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში გავრცელდა.

ჯერჯერობით ზუსტი პუნქტები უცნობია, თუმცა AP News-თან საუბარში პაკისტანელმა ანონიმურმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ შეთანხმება მოიცავს სანქციების შერბილებას, სამოქალაქო ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონიტორინგს, შეზღუდვებს რაკეტებზე, ასევე ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლის აღდგენას.

ირანის რეჟიმის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდნენ.

AP News-თან ანონიმურად ისაუბრეს ეგვიპტელმა მაღალჩინოსნებმაც, რომლებიც ირანსა და აშშ-ს შუამავლობენ. მათი თქმით, 15-პუნქტიანი შეთავაზება არის "ყოვლისმომცველი შეთანხმება". ეგვიპტელი ანონიმური მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ შეთავაზება მოიცავს ირანის მიერ სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას, შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას. მათივე თქმით, აშშ-ს წინადადება არის საფუძველი მომავალი მოლაპარაკებებისთვის. ეგვიპტელმა ანონიმურმა წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ირანის წარმომადგენლები ტრამპის ადმინისტრაციას "ძალიან სკეპტიკურად" უყურებენ. 

პაკისტანელი და ეგვიპტელი შუამავლები ცდილობენ, რომ აშშ-სა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა 27 მარტს გამართონ. შეხვედრის ადგილად პაკისტანი განიხილება.