აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით "საჩუქარი" გადასცა, რომელიც "ფულის უზარმაზარი ოდენობის" ღირებულების არის და ეს იმის ნიშნად აღიქვა, რომ "სწორ ხალხთან" აქვთ საქმე.

რეპორტიორის კითხვას, თუ რატომ ენდობა ირანს, ტრამპმა უპასუხა, რომ არავის ენდობა, თუმცა შემდგომ დააკონკრეტა, რომ ირანელებმა "მნიშვნელოვანი ჯილდო" გადასცეს.

"გუშინ მათ რაღაც გასაოცარი გააკეთეს - საჩუქარი მოგვცეს, რომელიც დღეს ჩამოვიდა. ეს ძალიან დიდი საჩუქარი იყო, ფულის უზარმაზარი ოდენობის და არ გეტყვით, რა არის ეს საჩუქარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო. ის ჩვენ მოგვცეს და თქვეს, რომ მოგვცემდნენ. ეს ჩემთვის ერთ რამეს ნიშნავდა - სწორ ხალხთან გვაქვს საქმე. ისინი არიან ერთადერთები, ვისაც ამის გაკეთება შეეძლოთ". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა დააკონკრეტა, რომ საჩუქარი "ბირთვულთან დაკავშირებული არ იყო, ნავთობთან და ბუნებრივ აირთან იყო დაკავშირებული". მისივე თქმით, საჩუქარი ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება და აშშ "გააკონტროლებს ყველაფერს, რასაც უნდა". 

"ვფიქრობ, რომ ომს დავასრულებთ". - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან "ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების" შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება უბრძანა.