ტუსკის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალის დარბევამ ერთი რამ აჩვენა, რომ მისი ძალაუფლება დასასრულს უახლოვდება. მახინჯი გზით. სასოწარკვეთილი. ტრაგიკულად კომიკური, — ამის შესახებ პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს.

მისივე თქმით, ტუსკის ლიდერობას სკანდალები, არაკომპეტენტურობა, ფასების ზრდა და უმუშევრობა ახლავს თან, საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული მოვლენები კი მისთვის „საბოლოო სკანდალია“.

„მუდმივი სკანდალები, სახელმწიფოს მართვის აბსოლუტური არაკომპეტენტურობა, ფასების ზრდა და უმუშევრობა — ამ ყველაფერს სჭირდებოდა არანაკლებ სავალალო კულმინაცია: საბოლოო სკანდალი, რომელიც ყველაფერს გადაფარავდა. საკონსტიტუციო ტრიბუნალი ასეთია. ეს არ არის დასაწყისის დასასრული, არამედ დიქტატორის დასასრულის დასაწყისი“, — აცხადებს მატეუშ მორავეცკი.

ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო.

ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.