მგზავრები, რომლებმაც ამსტერდამი-პარიზის მატარებელში, 26 წლის, წარმოშობით მაროკოელი ტერორისტი გააუვნებელყვეს, საფრანგეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენს მიიღებენ. საზეიმო ცერემონია რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მიიღებს მონაწილეობას, დღეს გაიმართება.

ორდენის კავალრები გახდებიან: ამერიკელები სპენსერ სტოუნი, ალეკ სკარლატოსი, ენტონი სადლერი, ბრიტანელი კრის ნორმანი და ფრანგი რომელმაც ვინაობის გახელა არ ისურვა. გაირკვა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ 1802 წელს შემოღებული ორდენი, საფრანგეთის მოქალაქეს, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, მოგვიანებით გადაეცემა. როგორც AFP-იუწყება დაჯილდოების ცერემონიალს ბელგიის პრემიერი და საფრანგეთში აშშ-ს ელჩი, ჯეინ ჰარტლიც დაესწრება.

21 აგვისტოს მატარებელThalys ერთ-ერთ ვაგონში, რომელიც ამსტერდამი-პარიზის მიმართულებით მოძრაობდა, არაბული წარმოშობის ახალგაზრდამ, ავტომატური იარაღიდან მგზავრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი მალევე გააუვნებელყვეს. 5 მგზავრიდან, რომლებმაც ტერორისტის განეიტრალება შეძლეს, ერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიჭრა, მეორემ ჭრილობა ცივი იარაღით მიიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი 26 წლის მაროკოელი ახალგაზრდა, აიუბ ალ კაზანი იყო. მაროკოელს თან შთამბეჭდავი არსენალი, ავტომატი კალაშნიკოვი 300 ტყვიით, რევოლვერი და დანა აღმოაჩნდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ აიუბ ალ კაზანს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა რადიკალურ ისლამისტებთან.