გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი, მარტა კოსი აცხადებს, რომ მისი მოლოდინით, ნავთობსადენი "დრუჟბა" უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც გაერთიანებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის განბლოკვის შესაძლებლობას მისცემს.
კოსმა გამოთქვა ევროკომისიის ოპტიმისტური მოსაზრება, რომ "უნგრეთის ახალი მთავრობის მხარდაჭერით ევროკავშირის საბჭო მალე შეძლებს ოფიციალურად გახსნას ყველა მოლაპარაკების კლასტერი".
უკრაინული გამოცემა Европейская правда-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის საბოლოოდ დამტკიცებას 22 აპრილს შეეცდებიან.
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს კრედიტს უკრაინისთვის არ დაბლოკავს, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.








