ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული და ბრიტანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
მარსელის ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ზაფხულის დასაწყისში გაიხსნა და 9 დეკემბრამდე გასტანს ნატურისტული გამოფენა. მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს ნატურისტთა გაერთიანებების, საფრანგეთის და შვეიცარიის საჯარო დაწესებულებების და აგრეთვე კერძო კოლექციონერთა კუთვნილ ფოტოს, ფილმის, ჟურნალის, ფერწერულ ნახატების, ქანდაკების და ხელოვნების სხვა ნიმუშების, სულ 600 ექსპონატის ნახვას სთავაზობს.
გამოფენის ორგანიზატორებმა ნატურისტების ინტერესი გაითვალისწინეს და აგვისტოდან მათ თვეში ერთხელ, საღამოს, გამოფენაზე შიშველ მდგომარეობაში შესვლა გახადეს შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოში, გაშიშვლების შემდეგ გამოფენის დათვალიერების მსურველთა რაოდენობა 80 იყო.
კითხვაზე, მოეთხოვებათ თუ არა მნახველებს ყოველთვიურ საღამოზე შიშველი ყოფნა, მუზეუმის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ „ლოგიკური" იქნება, თუ ისინი ნაწილობრივ მაინც შიშვლები იქნებიან, რადგან ჩაცმული ადამიანის სწორედ ამ საღამოს აქ შემოსვლა ცოტა უცნაურად შეიძლება აღიქვან.
აღსანიშნავია, რომ მარსელის მუზეუმის ინიციატივა შეუმჩნეველი არ დარჩა ინგლისში და 17 სექტემბრის საღამოს ნუდისტებს დორსეტის მუზეუმში შიშვლებს შეეძლებათ შესვლა. „ბიბისის" ცნობით, ჩვენების ორგანიზატორია „ბრიტანეთის ნატურისტები". ბილეთის ფასში მნახველს შეეძლება ერთი ბოკალი ღვინის შესმა და გასახდელით და ტანსაცმლის შესანახი კარადით სარგებლობა.
იანვარში მუზეუმი აცხადებდა, რომ COVID-19, ცხოვრების ღირებულების ზრდამ, ბრექსიტმა და უკრაინის ომმა გავლენა მოახდინა ვიზიტორების რაოდენობაზე და ხარჯებიც გაიზარდა.