სახელმწიფო მდივან რუბიოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აღარ გააგრძელებს მედიაციას რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად, თუ კი უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის კუთხით პროგრესი არ იქნება. ამის შესახებ რუბიომ პარიზში ევროპელ და უკრაინელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. 

პარიზის შეხვედრის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან - რუბიოს თქმით, "მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის კონტურების გეგმა" გადასცა, რომელიც უკვე შეთანხმებულია უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან.

რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი არ არის შეერთებული შტატების ომი - "მიმდინარე ომი ცხადია საშინელებაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები 3 წელია ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ომი."

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, მათმა ადმინისტრაციამ 87 დღე დაუთმო მხარეებს შორის ფასილატაციას და პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს - "მიზანია, გავიგოთ, არის თუ არა შესაძლებელი ომის დასრულება, საუბარია დღეებსა და არა კვირებზე, თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი ნაწილი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ომი დასრულდება ქმედითი და სამართლიანი გზით."

რუბიო ამბობს, რომ პარიზში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი იყო "მყარი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭირო შეთანხმების კონკრეტული კონტურების განსაზღვრა.

"ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა ომის დასრულება შესაძლებელი, ამისთვის მაქსიმუმ რამდენიმე კვირა გვაქვს, თუ ეს შესაძლებელია, ჩვენ ვრჩებით, თუ არა, მაშინ, ჩვენ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომელიც ყურადღებას საჭიროებს"- ამბობს რუბიო.