აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პირველი საგარეო ვიზიტით პანამაში ჩავა. 

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკული მედიის შეფასებით, ვიზიტი ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის განზრახვას, რომ საგარეო პოლიტიკის ენერგიის დიდ ნაწილის ფოკუსირება მოახდინოს აშშ-ის ახლოს.

„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ იმიგრაციის შეზღუდვა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლა ამ ძალისხმევის ძირითადი ელემენტებია, მაგრამ კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩინეთის მზარდი გავლენის შემცირება დასავლეთ ნახევარსფეროში, რაც მოიცავს პანამის არხზე აშშ-ის კონტროლის დაბრუნებას.

ვიზიტამდე პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება. პანამის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუბიოს ვიზიტი ყურადღებას გაამახვილებს საერთო ინტერესებზე, როგორებიცაა მიგრაცია და ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.

მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის მხრიდან პანამის არხზე კონტროლის აღების სურვილი გამოწვეულია ეროვნული უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-6 თებერვალს მარკო რუბიო, პანამასთან ერთად, ასევე ესტუმრება სალვადორს, კოსტა რიკას, გვატემალასა და დომინიკელთა რესპუბლიკას.