ნიკოლას მადურო არ არის ადამიანი, რომელთანაც შეთანხმება შეიძლება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში ვენესუელასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ისაუბრა.

„მინდა, ვიყო გასაგები და გაგიზიარებთ იმას, რასაც საჯაროდ ვაცხადებ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვცადეთ მადუროს ნებაყოფლობით წასვლა და ამ ყველაფრის თავიდან აცილება, რადგან გვესმოდა, რომ მადურო ხელის შემშლელი იყო პროგრესისთვის. ამ კაცთან შეთანხმება შეუძლებელი იყო. ამ კაცმა ბევრი შეთანხმება გააფორმა და თითოეული მათგანი დაარღვია. ის უბრალოდ არ არის ადამიანი, რომელთანაც შეთანხმება შეიძლება. მას სურდა, დრო მოეგო, სამი წელი, ვიდრე ახალ ადმინისტრაციასთან შეძლებდა ურთიერთობას, რომელიც, მისი აზრით, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა“,- განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეიქმნა მოკლევადიანი მექანიზმი ვენესუელის მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რუბიოს თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაამყარა „ძალიან დიდი პატივისცემით სავსე და პროდუქტიული“ ურთიერთობა ვენესუელის დროებით ხელმძღვანელებთან.

„ჩვენ შევძელით მოკლევადიანი მექანიზმის შექმნა. ეს არ იქნება მუდმივი მექანიზმი, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ვენესუელის ხალხის საჭიროებები დაკმაყოფილდება. ისინი ყოველთვიურად წარადგენენ ბიუჯეტს, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენ წინასწარ მივუთითებთ, რისთვის არ შეიძლება დაიხარჯოს ეს ფული. ისინი კარგად თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. მათ აიღეს ვალდებულება, რომ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენონ წამლების და აღჭურვილობის შესაძენად უშუალოდ შეერთებული შტატებიდან. ცვლილება ერთ დღეში ვერ მოხდება, თუმცა ჩვენ კარგ პროგრესს ვაღწევთ. ეს არის საუკეთესო გეგმა და ჩვენ ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში ვართ დღეს ვენესუელაში, ვიდრე ოთხი კვირის წინ. ვიმედოვნებ და ველოდები, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით სამ თვეში, ექვს თვეში, ცხრა თვეში, ვიდრე ვიქნებოდით, რომ მადურო კვლავ იქ ყოფილიყო“,- განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელაში იგეგმება აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნა, რომელიც 2019 წელს დაიხურა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად შევძლებთ აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ადგილზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რეალური ინფორმაცია გვქონდეს და ვიურთიერთოთ, სხვათა შორის, არა მხოლოდ დროებითი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ოპოზიციასთანაც“,- განაცხადა რუბიომ.

რუბიო აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არასდროს გამორიცხავს სამხედრო მოქმედების შესაძლებლობას აშშ-ის ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი რამ არ იგეგმება.

„რაც შეეხება ძალის გამოყენების საკითხს, პრეზიდენტი არასდროს გამორიცხავს თავის ვარიანტებს, როგორც მთავარსარდალი, რათა დაიცვას შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ახლა დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ არ ვართ განწყობილი, არ ვაპირებთ და არც ველოდებით, რომ ვენესუელაში რაიმე სამხედრო მოქმედების განხორციელება მოგვიწევს. ერთადერთი სამხედრო წარმომადგენლობა, რომელსაც ვენესუელაში ნახავთ, ჩვენი საზღვაო ქვეითები არიან საელჩოში“,- განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოსმენის შემდეგ შეხვდება ვენესუელის ოპოზიციის წარმომადგენელს და ნობელის პრემიის ლაურეატს მარია კორინა მაჩადოს.

თარგმანი: პირველი არხი