Patriot-ის პოდკასტთან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ აშშ გააგრძელებს საგარეო დახმარებას, რადგან სწორად ორგანიზებული დახმარება სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის. ინტერვიუს დეტალებზე ამერიკის ხმა წერს.
შეერთებული შტატები არ ამბობს უარს უცხო ქვეყნების დახმარებაზე, მაგრამ დახმარების სტრუქტურა და პროცესი, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროებს რეორგანიზაციას. იგივე თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორშაბათს SiriusXM-ზე Patriot-ის პოდკასტის წამყვან სკოტ ჯენინგსთან ინტერვიუში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და იმ სპეკულაციის შესახებ, რომ აშშ-მ შესაძლოა შეწყვიტოს სხვა ქვეყნების დახმარება, რუბიომ უპასუხა:
"პირველ რიგში, ჩვენ უარს არ ვამბობთ საგარეო დახმარებაზე. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას დახმარების გაწევაში, რადგან მიმაჩნია, რომ სწორად ორგანიზებული დახმარება სასარგებლოა ქვეყნისთვის. მაგრამ ის სწორად უნდა იყოს ორგანიზებული. ახლა წარმოდგენა იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ 40-დან 60 მილიარდ დოლარამდე საგარეო დახმარებაზე და რომ მთელი ეს ფული გონივრულ მიზნებს ემსახურება, აბსურდია. ამ თანხების ნაწილი არაეფექტურად იხარჯება. ჩვენი ამოცანა მარტივია: გადავხედოთ მთელ ჩვენს საგარეო დახმარებას - დიდი ნაწილი USAID-ის მეშვეობით, დიდი ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით - გამოვავლინოთ პროექტები, რომლებიც ჭეშმარიტად მხარს უჭერენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და გავაგრძელოთ ამ ინიციატივების დაფინანსება, და უარი ვთქვათ იმ დაფინანსებებზე, რაც ფულის ფლანგვას წარმოადგენს ან ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს", - თქვა რუბიომ.
"ჩვენ ახლა შევაჩერეთ ყოველგვარი უცხოური დახმარება და პროექტ-პროექტით განვიხილავთ მას. რომელსაც აზრი არ აქვს, შეწყდება, რომელსაც აქვს, შენარჩუნდება ან გაძლიერდება", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.