NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია, თუმცა დაამატა, რომ ეს არ უნდა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან.

კითხვაზე, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო, რუტემ უპასუხა, რომ "NATO-ში უკრაინის გზა შეუქცევადია" და ამ მხრივ "არაფერი შეცვლილა".

"როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინა ერთ დღეს NATO-ს წევრი გახდება, ჩვენ პირობა არ დაგვიდია, რომ ეს სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა". - დაამატა რუტემ, როდესაც მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები არ უნდა იყოს მიბმული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესთან.