აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, შესაძლოა, ძალიან მალე მიიღოს.

"რაც შეეხება F-16-ებს. რეალურად საქმე წინ მიდის, ვახორციელებთ სწავლების პროგრამას და ისინი სავარაუდოდ, მიიღებენ F-16-ებს, ძალიან მალე“, - განაცხადა მარკ მილიმ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის კონტრშეტევაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლა უწევთ რუსი ოკუპანტების გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ, ისინი მრავალი თვის განმავლობაში ნაღმავდნენ ველებს, ამზადებდნენ სატანკო თხრილებს და ე.წ. დრაკონის კბილებს.

„უკრაინელებს დარჩათ საბრძოლო ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა და ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ღიად რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე“, - განაცხადა მილიმ.

შეგახსენებთ, დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ განაცხადეს, რომ  კიევს ავიაგამანადგურებლებს გადასცემენ უკრაინელი პილოტების მომზადების შემდეგ, მანამდე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეთე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ პირველ F-16-ებს უკრაინა ახლა წლისთვის მიიღებს.