რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გააუქმა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პაუზა არ იქნება ზედმეტად ხანგრძლივი.
„დღეისთვის „გამაღიზიანებლების“ აღმოსაფხვრელად ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის ნორმალიზების მიზნით, ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაუქმებულია ამერიკელი მომლაპარაკებლების ინიციატივით. ვიმედოვნებთ, მათ მიერ აღებული პაუზა არ იქნება ზედმეტად ხანგრძლივი“, – განაცხადა მან.
რუსეთ-ამერიკული კონსულტაციების მეორე რაუნდი 10 აპრილს სტამბოლში გაიმართა. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სონატა კოულტერი, რუსეთის დელეგაციას კი ვაშინგტონში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა. გასულ კვირას დარჩიევმა განაცხადა, რომ რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, რომ ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში მოსკოვში გაიმართება.