საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის და დაზავების გარდა, სხვა გამოსავალი არ არსებობს.  

„დე ფაქტო - დღეს მშვიდობიანი მოსახლეობა იბომბება - დე ფაქტო. ეს ჩვილები, ეს ქალები, ეს მოხუცები იბომბებიან და კვდებიან. ამის არანაირი საფუძველი და ლეგიტიმაცია არ არსებობს. ამიტომ მოვუწოდებთ ისრაელს, რომ შეჩერდეს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა „ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში. მან იმედი გამოთქვა, რომ მის მოწოდებას სხვა დასავლელი ლიდერების შეუერთდებიან.

საფრანგეთი მკაფიოდ გმობს „ჰამასის" ტერორისტულ ქმედებებს, ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ტკივილს და ტერორიზმისგან თავის დაღწევის მათ სურვილს და ამასთან მივიჩნევთ, რომ „არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტის გზით ჰუმანიტარული პაუზის, რაც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ... ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, ვისაც არაფერი აქვს საერთო ტერორისტებთან“, - განაცხადა მაკრონმა.

„მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და თავად ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ვაღიაროთ, რომ ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა",  ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას „არავითარი გამართლება არ აქვს“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

კითხვაზე, დაარღვია თუ არა ისრაელმა საერთაშორისო სამართალი, მაკრონმა უპასუხა: „მე არ ვარ მოსამართლე. მე ვარ იმ სახელმწიფოს მეთაური“, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო ისრაელის „პარტნიორი და მეგობარი“.

მაკრონის კომენტარებს არ დაეთანხმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც თქვა, რომ „ჰამასი" იყო დამნაშავე გასულ თვეში მომხდარ დამანგრეველ თავდასხმაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში და არის დამნაშავე ახლა, როდესაც ცოცხალ ფარად იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. 

„იმ დროს, როდესაც ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი არ მიაყენოს და მოუწოდებს მათ დატოვონ საბრძოლო ტერიტორიები, „ჰამასი" და„ისლამური სახელმწიფო" ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ისინი უსაფრთხო ზონებში არ წავიდნენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.

დანაშაულები, რომლებსაც „ჰამასი" და „ისლამური სახელმწიფო" დღეს სჩადიან ღაზის სექტორში, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკში და ყველგან მსოფლიოში. მსოფლიო ლიდერებმა უნდა დაგმონ „ჰამასი"-„ისლამური სახელმწიფო" და არა ისრაელი“, - დასძინა პრემიერმა.