23 მარტს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ანტისემიტური თავდასხმა მოხდა, რომლის ფარგლებშიც ლონდონის უდიდესი ებრაული თემის სამეზობლოში მდებარე სინაგოგასთან ებრაული მოხალისეობრივი სამაშველო ორგანიზაციის რამდენიმე სასწრაფო მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
"ცეცხლის წაკიდება ანტისემიტური მოტივით ჩადენილ სიძულვილის დანაშაულად განიხილება," განაცხადა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ და დაამატა, რომ სიფრთხილის ზომის სახით მცხოვრებთა ევაკუაციაც გახდა საჭირო.
CNN-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება სამი შენიღბული პირი სასწრაფო მანქანებს და მათ ცეცხლს უკიდებენ. პოლიციამ დაადასტურა, რომ გამოძიების ფარგლებში სამ ეჭვმიტანილს ეძებენ.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმის ფარგლებში ცეცხლი ჯამში ოთხ სასწრაფოს წაუკიდეს, რასაც რამდენიმე აფეთქებაც მოჰყვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა X-ზე მომხდარს "ღრმად შოკის მომგვრელი ანტისემიტური" თავდასხმა უწოდა.
"ანტისემიტიზმს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მომენტში ჩვენ ყველანი ერთად დავდგეთ." - თქვა მან BBC-სთან საუბრისას.




