რუსეთი უკრაინასთან ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებებისთვის "პაუზას" არ აიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპას სწორედ ეს სურს — ისევ იმ მარტივი მიზნით, რომ სული მოითქვას და კიევის რეჟიმის ამოწურული სამხედრო არსენალი შეავსოს", — ციტირებს ლავროვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრის ვერსიით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის "მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის" მიღწევის მიზნით.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მზად არის, ითამაშოს კონსტრუქციული როლი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით.

გამოსვლამდე ლავროვი რუბიოს შეხვდა. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ეს ორ ქვეყანას შორის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მეხუთე შეხვედრაა 2025 წლის შემდეგ.

მანამდე რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დიდი ოცეულის" (G20) სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც დეკემბერში მაიამიში გაიმართება. "პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვისთანაც გაქვთ უთანხმოება ან გარკვეული უსიამოვნებები, სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ პრეზიდენტი პუტინი G20-ის სამიტზე", — აღნიშნა მან.

რუბიომ ასევე მიუთითა, რომ რუსეთის ლიდერისთვის მაიამის სამიტი იქნება შესაძლებლობა, შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს. "ვიმედოვნებთ, რომ იგი მიიღებს ამ მოწვევას", — დასძინა მან.