10-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, სამი დღის განმავლობაში, უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, მოსკოვიც და კიევიც დათანხმდნენ, განხილვების შემდეგ რაუნდში ევროპელი პარტნიორების ჩართვას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა დესპანმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.

10 და 11 ნოემბერს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა, აშშ-ის შუამავლობით, აბუ-დაბიში განიხილეს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესაძლო პირობები. მომდევნო დღეს, 12 ნოემბერს, კუშნერი ამერიკის ლიდერის სპეციალურ დესპან სტივ უიტკოფთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად. შემდეგ ამერიკელი მომლაპარაკებლები დუბლინში ჩაფრინდნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. დღის ბოლოს მათ კონსულტაციები გამართეს უკრაინის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, პოლონეთისა და ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან.

კუშნერის თქმით, სამდღიანი ინტენსიური დიპლომატიის შედეგად, მან და უიტკოფმა შეძლეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა იმის გაგებაში, თუ რა აწუხებს რუსეთსა და უკრაინას, ასევე გამოავლინეს პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზები და "წინ მიმავალი გზა გაკვალეს".

"ორივე მხარე ახლა შეთანხმდა, რომ გააფართოონ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი და მასში ევროპელი პარტნიორები ჩართონ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა დესპანმა - ეს საშუალებას მოგვცემს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ საკითხებთან ერთად, ომის შემდგომი ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო მოწყობასაც შევეხოთ".

კუშნერმა აღნიშნა, რომ ამერიკელი წარმომადგენლები ზელენსკისთან შეთანხმდნენ იმაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების შესახებ არანაირი უფრო ფართო შეთანხმება არ დაიდება უსაფრთხოების სფეროში უკრაინის წუხილების გათვალისწინების გარეშე.

გარდა ამისა, ტრამპის სპეციალურმა დესპანმა განაცხადა ომის მთელი პერიოდის განმავლობაში სამხედრო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლის მომზადების შესახებ, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს სახლს.