უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპის მომავალზე ონლაინ ლექციის კითხვისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოაწერს ხელს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.
კულებამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც მისი ხედვით, მეტწილად განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიო გაკვეთილი ისწავლა წარსულში დაშვებული შეცდომებიდან".
ამიტომ, უკრაინელი დიპლომატის თქმით, უკრაინა „ფინეთთან 1940 წელს დადებული შეთანხმების მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს". ამ ხელშეკრულების სანაცვლოდ ფინეთმა საბჭოთა კავშირს დაუთმო თავისი ტერიტორიის ნაწილი.
კულებამ დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ გაუძლო რუსეთის შეჭრას პირველ ეტაპზე, შემდეგ სხვადასხვა ბრძოლებში გაიმარჯვა და მოიპოვა მხარდაჭერა, „აქვს ყველა შანსი, მიიღოს სხვა მშვიდობიანი პირობები", ვიდრე ეს იყო საბჭოთა-ფინეთის ომის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ან 2014 წლის ყირიმის ანექსიის შედეგად.
მანამდე NATO–ს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი მისი ტერიტორიის ნაწილზე „უარის“ თქმის სანაცვლოდ. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავს დისკუსიებს უწოდა "აბსოლუტურად მიუღებელი" და ხაზი გაუსვა, რომ ისინი რუსულ ნარატივს ეთამაშებიან.
მოგვიანებით იენსენმა „შეცდომა“ უწოდა თავის სიტყვებს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო სცენარის შესახებ, რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის შეიქმნება პირობები რუსეთის შეჭრის შემდეგ ნებისმიერ მოლაპარაკებებში ჩართვისთვის.
„მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ, არსებობს თუ არა მოლაპარაკებების პირობები, ვის შეუძლია გადაწყვიტოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელი გამოსავალია მისაღები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.