უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას მოუწევს დიალოგის გამართვა რუსეთთან, თუმცა არა ულტიმატუმების ენით, რომლითაც ახლა კრემლი საუბრობს. ამის შესახებ კულებამ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენც მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როცა რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: არ მივცემთ რუსეთს უფლებას, ულტიმატუმების ენით ისაუბროს, როგორც ახლა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დმიტრო კულებას თქმით, სამიტზე ყველას ესმის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებას ჰქონდა ერთი მიზანი – სამიტის წინა დღეს „პიარ ტალღის შექმნა“.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუ უკრაინის ჯარები გავლენ დონეცკისა და ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან, ასევე, თუ უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე.