კომენდანტის საათის დროს მოკლული 25 წლის კაცის მკვლელობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ხალხი პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 25 წლის კაცი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული კომენდანტის საათის დროს, სამშაბათს დილით მოკლა პოლიციის ოფიცერმა.
 
პოლიციაში თავდაპირველად განაცხადეს, რომ კლოდიან რაშა არ დაემორჩილა პოლიციელის ბრძანებას შეჩერებულიყო და მას ხელში იარაღი ეჭირა. მოგვიანებით პოლიციამ აღიარა, რომ რაშას ხელში არა იარაღი, არამედ რაღაც საგანი ეჭირა და ოფიცერმა მის წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.
 
ოთხშაბათს კლოდიან რაშას მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხი პოლიციამ გვიან საღამოს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
 
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, აგრესიულად განწყობილმა დემონსტრანტებმა თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაუშინეს პოლიციას ქვები და სხვა მყარი საგნები, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მინები და დაშავდა რამდენიმე პოლიციელი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის კანცელარიასთან.
 
პოლიციის განცხადების თანახმად დაშავდა 9 პოლიციელი, მათგან სამი მძიმედ. პრესის ცნობით დაშავებულია აგრეთვე ერთი ჟურნალისტი.
 
საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ბორა რაშა - დაღუპული კლოდიან რაშას და, რომელიც იტალიიდან ძმის დაღუპვის შესახებ შეტყობინების შემდეგ დაბრუნდა ალბანეთში. მისი თქმით, ძმას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულში. აქციის მსვლელობისას ბორა რაშამ გონება დაკარგა და მას დახმარების აღმოჩენა დასჭირდა
 
პოლიციელი, რომელმაც კომენდანტის საათის დროს 25 წლის კაცს ესროლა, დაპატიმრებულია და დაწყებულია გამოძიება.