კიშინეუში, მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტზე მხარი დაუჭირეს მოლდოვის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებიათ.
მოლდოვის დედაქალაქში გამართული სამიტის მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც დადასტურებულია „მოლდოვის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებისადმი ერთგულება, რაც უნდა მოხდეს სანდო რეფორმებისა და ქვეყნის დამსახურების საფუძველზე, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად”.
ამავე დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება მოლდოვის აქტიურ მონაწილეობას მისი კანონმდებლობის სკრინინგში და კიშინეუს ვალდებულებას, იმუშაოს მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კრიტერიუმებთან დასაახლოებლად”.
„ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მოლაპარაკებების კლასტერების გახსნას, როგორც კი შეიქმნება შესაბამისი პირობები”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, კიშინევში გამართული სამიტი მოლდოვისთვის პირველი იყო. ამ სამიტზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი, ასევე მოლდოვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები, უსაფრთხოების საკითხები და მოლდოვის ეკონომიკის ზრდის გეგმა, რომლის რეალიზაციაზე ევროკავშირი 1,9 მილიარდ ევროს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვა მიისწრაფვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ქვეყანაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყოს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მოლდოვაში ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
თარგმანი: პირველი არხი